ზაზა ხატიაშვილი მოსამართლეებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

ზაზა ხატიაშვილი მოსამართლეებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხატია არდაზიშვილსა და კობა გოცირიძეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. 

ამასთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. ხატიაშვილის თქმით, აღნიშნულმა მოსამართლეებმა ორ სხვადასხვა საქმეზე ერთი და იგივე გადაწყვეტილება გამოიტანეს. როგორც ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, კობა გოცირიძემ ხატია არდაზიშვილის მიერ ორი კვირით ადრე გამოტანილი გადაწყვეტილების უცვლელი კოპირება მოახდინა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

ხატიაშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება ექვსი პირისთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების უფლების მინიჭების საკითხს.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციამ ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარი უთხრა ექვს პირს, ყოფილ პროკურორებს - გიორგი ჩივიაშვილს, გიზო უგულავას, რომეო საჯაიას, ალექსანდრე მგელაძეს, შოთა გენგაშვილს და ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი ონიანს. ხატიაშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს ჩაბარებული ჰქონდათ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და კანონის მიხედვით ისინი ასოციაციაში გამოცდის ჩაბარებიდან შვიდი წლის განმავლობაში უნდა გაწევრიანებულიყვნენ. თუმცა მისი განცხადებით, აღნიშნულმა პირები შვიდი წლის განმავლობაში ასოციაციაში არ გაწევრიანდნენ, რის გამოც ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარი ეთქვათ.

აღნიშნულმა პირებმა ადვოკატთა ასოციაციის ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"ალექსანდრე მგელაძის და გიზო უგულავას სარჩელი განხილულ იქნა 2013 წლის 3 იანვარს მოსამართლე ხატია არდაზიშვილის მიერ, ხოლო გიორგი ჩივიაშვილის, რომეო საჯაიას, შოთა გენგაშვილის და გიორგი ონიანის სარჩელი მოსამართლე კობა გოცირიძის მიერ 2013 წლის 15 იანვარს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა 3 იანვარს დააკმაყოფილა მგელაძისა და უგულავას სარჩელი, ხოლო 15 იანვარს კობა გოცირიძემ ასევე დააკმაყოფილა ჩივიაშვილის, საჯაიას, გენგაშვილისა და ონიანის სარჩელები. მოსამართლე კობა გოცირიძემ 15 იანვრის გადაწყვეტილება მთლიანად გადაიწერა კოპირების მეთოდით მოსამართლე ხატია არდაზიშვილის 3 იანვრის გადაწყვეტილებიდან, რაც არის სამარცხვინო და უწესო მოვლენა სასამართლო სისტემაში", - აცხადებს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაცია მთავარ პროკურორსა და იუსტიციის საბჭოს მიმართავს და აღნიშნული ფაქტის შესწავლას მოითხოვს.