ბიძინა ივანიშვილი – კუბლაშვილი სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია

ბიძინა ივანიშვილი – კუბლაშვილი სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია

მე არ გამიგია კუბლაშვილზე, რომ არის დიდი მექრთამე, ის სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, რამდენადაც იცის, კუბლაშვილს სერიოზული დაავადება ჰქონდა, მას პირადად სააკაშვილი დაეხმარა და ვალდებულების გრძნობით იყო მის მიმართ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ბევრი მოხელე, მათ შორის კუბლაშვილიც და სხვა დანარჩენი ჩინოვნიკებიც, რომლებიც სააკაშვილის გუნდის წევრებად მოიხსენიებოდნენ, მისი იდეოლოგიის და სისტემის მსხვერპლნი არიან.

"თუ გნებავთ, მეც მსხვერპლი ვიყავი, 2 წელიწადნახევარი ვერ ვაცნობიერებდი კარგად, ვისთან მქონდა საქმე. მე არ გამიგია კუბლაშვილზე, რომ ის არის დიდი მექრთამე, ის უბრალოდ ვერ ახერხებდა უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის. არ შეიმჩნევა მისი გამდიდრება, ის გახდა მსხვერპლი და ვერ ახერხებდა სისტემიდან ამოვარდნას. ძალიან ბევრმა ჩემზე გვიან გააცნობიერა რა ხდებოდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს იმ ნაწილში, რომელიც პოლიტიკას არ ეხებოდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

"მე მიმაჩნია, რომ ის არის პროფესიონალი, მას აქვს დიდი გამოცდილება, მას ბევრი კარგიც აქვს გაკეთებული, მაგრამ ის ვერ უმკლავდებოდა ერთ ადამიანს", - აღნიშნა ივანიშვილმა კუბლაშვილთან რამდენიმე კვირის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.