საქართველო ევროკავშირისგან 40 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველო ევროკავშირისგან 40 მილიონ ევროს მიიღებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირისგან 40 მილიონ ევროს მიიღებს. 

დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატური პროგრამის 2012 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას.

მინისტრის განცხადებით, საფინანსო შეთანხმებით განსაზღვრული 40 მილიონი ევროდან 18 მილიონი პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც საქართველო ტრანშად მიიღებს, ხოლო 22 მილიონი ევრო მოხმარდება სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე საგრანტო პროექტებისა და ექსპერტული დახმარების პროგრამის განხორციელებას, ასევე პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს და განხორციელებული რეფორმების შეფასებას.

პროექტის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.