8 აპრილს მოსკოვში ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

8 აპრილს მოსკოვში ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

8 აპრილს მოსკოვში ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, - ამასთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს პრესკონფერენცია გამართა საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ. 

მისი განცხადებით, ფორუმი ცენტრისა და რუსი პარტნოირების ინიციატივით ჩატარდება. რუსული მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, სეთურიძის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბანკების ასოციაცია, ავიაკომპანია "აირზენა", "ქართული ღვინის ექსპერტიორთა ასოციაციაში" შემავალი კომპანიები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

როგორც გიორგი სეთურიძე აცხადებს, არანაირი კავშირი არ აქვთ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან და მათი მიზანია მხოლოდ ეკონომიკური წარმატება.

ამასთან, სეთურიძემ აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურასთან არ თანამშრომლებენ.

რაც შეეხება ფორმუმს, სეთურიძის განცხადებით, ეს იქნება ორნაწილიანი, პირველ ნაწილში იქნება ქართული მხარის პრეზენტაციები და საუბარი შეეხება იმ პროექტებს, სადაც შეიძლება პარტნიორობა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, შედგება მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. რაც შეეხება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, ამ ეტაპზე არ არის დაკონკრეტებული, თუ ზუსტად რამდენი ან რომელი ექსპერტი გაემგზავრება მოსკოვში დაგეგმილ ფორუმზე.

რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განიხილება რამდენიმე თემა, მათ შორის საუბარი იქნება სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმზე, საბანკო სექტორზე, ენერგეტიკაზე. ფორუმის შედეგების მიხედვით კი, დაიგეგმება მასშტაბური ბიზნესშეკრება თბილისში, რომელიც, სეთურიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შედგება.