პროკურატურაში შესული ასეულობით საჩივარზე დროული და ობიექტური რეაგირების მიზნით, უწყებაში 12-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ჯგუფი თავიდან ბოლომდე ახალგაზრდა პროკურორებით დაკომპლექტდა, რომლებმაც სტაჟირება წელს დაასრულეს. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ამა თუ იმ საქმესთან მიმართებაში რომელიმე პროკურორის სუბიექტური პოზიცია გამოირიცხოს.
"ჩვენ შევქმენით 12-კაციანი ჯგუფი იმ მიზნით, რომ პროკურატურაში შემოსული უამრავი საჩივარი ჯეროვნად და სამართლიანად იყოს გამოძიებული და პირის მიმართ გადაწყვეტილება იყოს მიღებული არა ზოგადად გავრცელებული აზრის საფუძველზე, არამედ კონკრეტული შესწავლის შედეგად. ჯგუფი დავაკომპლექტეთ ახალგაზრდა პროკურორებით, რომლებმაც წელს დაასრულეს სტაჟირება და დაინიშნენ პროკურატურის სისტემაში. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ გამოირიცხოს ეჭვი, რომ ისინიც მონაწილე არიან რომელიმე საქმეში", - აღნიშნა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განმარტებით, ჯგუფს ექნება სრული ხელშეწყობა, რათა გამოძიება აწარმოონ რაც შეიძლება სწრაფად. "გამოძიების შედეგებზე საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ", - აღნიშნა კბილაშვილმა.