საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა თავი შეიკავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ევროპარალამენტარებთან მიმართვის თემაზე კომენტარი გაკეთებინა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრობისას განუცხადა, მისთვის არ იქნება მიზანშეწონილი, კომენტარი გააკეთოს პრემიერის მიმართვის შესახებ.
"ჩემთვის არ იქნება მიზანშეწონილი, გავაკეთო კომენტარი საქართველოს პრემიერის მიმართვის შესახებ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ს აქვს შესანიშნავი ურთიერთიობა საქართველოსთან, ეს დაიწყო წინა მთავრობის დროს და გრძელდება ამჟამინდელი მთავრობის დროსაც", - დასძინა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის "სახალხო პარტიისთვის" მკვეთრ და ფართო წერილს ამზადებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ქართველ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გუშინ განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალი ხელისუფლება ევროპას გასაგებ ენაზე ესაუბრება, რადგან სიმართლის ევროპაში ჩატანის არ ეშინია.
"ევროპასთან ასეთ ტონში საუბარი სწორედაც მისაღებია. დავით უსუფაშვილი კარგად წერს და სწორედ ამიტომ მან უპასუხა მიმართვას, თუმცა უსუფაშვილის წერილის ძირითადი აქცენტები ჩემი გაკეთებულია. უახლოეს დღეებში "სახალხო პარტიას" უფრო მკვეთრ და ფართო წერილს მივწერ, რადგან ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. ის წერილი სირცხვილია ან ევროპარლამენტარებმა არ იცოდნენ, ხელს რაზე აწერდნენ. ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ სიმართლეში ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის სიცრუეში ცხოვრებას ახერხებდნენ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მისი წერილის გამოქვეყნება დიდი ზომიდან გამომდინარე დაგვიანდა, რადგან "ფაინენშელ თაიმსმა" და "უილ სტრიტ ჯორნალმა" ქართულ მხარეს ამ წერილის მხოლოდ მესამედის დაბეჭდვა შესთავაზეს.
პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება გამოცემა, რომელშიც მისი წერილი გამოქვეყნდება.
ევროპის "სახალხო პარტიის" 23 წევრმა ბიძინა ივანიშვილს კრიტიკული წერილით მიმართა, რომელსაც ასევე კრიტიკულად უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
6 მარტის წერილში ევროპარლამენტის 23 წევრი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას, რომ ევროკავშირის კარი ქვეყნისთვის დაიხუროს.
დავით უსუფაშვილი კი, საპასუხო წერილში ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებზე ხელმოწერისგან თავი შეიკავონ.