ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ საქმიანობაში გამოცდილებას გაუზიარებს. ამ მიზნით დღეს საგარეო უწყებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საელჩოს თანამშრომლები ეწვივნენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ქვეყნის საგარეო უწყება ოც წელზე მეტია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის იყო იმის მცდელობა, რომ დიპლომატიური კორპუსი და მისი მუშაობა გაუმჯობესებულიყო, დახვეწილიყო და შეეთვისებინა სიახლეები.
"მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოხერხდა ისეთი დიპლომატიური სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც მხოლოდ პროფესიონალიზმისა და კომპეტენტუობის ნიშნით იქნებოდნენ კადრები შერჩეული. სადაც ხელისუფლების ცვლილება არ გამოიწვევდა ინსტიტუციური მეხსიერების წაშლას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, უწყებამ გადაწყვიტა, მიმართოს ზოგიერთ მეგობარ ქვეყანას იმისთვის, რომ ქართულ მხარეს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ ხდება დიპლომატიური კადრების გაზრდა. ასევე, როგორ ხდება იმის გარანტირება, რომ ძირითადი თანამშრომლები პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ შენარჩუნებული იყვნენ სამინისტროებში.
"სწორედ ამიტომ ვთხოვეთ აშშ-ს საელჩოს საქართველოში, გაეზიარებინა თავისი გამოცდილება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა აშშ-ს მხრიდან დიპლომატიური სამსახურთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება. როგორც ელჩი აცხადებს, ქართული მხარე ცდილობს, უფრო მეტად პროფესიონალური გახდეს მისი დიპლომატიური სამსახური. ნორლანდის თქმით, საქართველოს ჰყავს კვალიფიციური დიპლომატები და იმედოვნებს, რომ ამერიკული მხარის გამოცდილება მათ კიდევ უფრო წაადგებათ.