იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო "საკანონმდებლო მაცნე", რომელიც უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ ელექტრონული სახით ფუნქციონირებდა , იურიდიული ტექსტების ბეჭდური სახით გამოცემას განაახლებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ მიზნით აღდგება "საკანონმდებლო მაცნეს" სტამბა.
"მინდა ქართულ საზოგადოებას ვაცნობო, რომ საკანონმდებლო მაცნე სწრაფი ტემპით ვითარდება და ასწორებს იმ ნაკლოვანებებს, რაც წარსული მიზეზების გამო შეექმნა. ჩვენ გადავწყვიტეთ აღვადგინოთ "საკანონმდებლო მაცნეს" სტამბა, რადგან ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავის კანონებს სცემს პატივს, სჭირდება ფუძემდებლური საკანონმდებლო აქტები ჰქონდეს ბეჭდური სახითაც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, ყველა საკანონმდებლო აქტის დაბეჭდვა არ მოხდება, თუმცა ქაღალდზე გადავა ყველა ის კანონი, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
"საკანონმდებლო მაცნეს" ხელმღვანელის ჯონი კვინიკაძის განცხადებით კი, მაცნეში სტამბის ამოქმედების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ჩატარებული კვლევის შედეგად იურიდიული ტექსტების ბეჭდურ ვერსიაზე მოთხოვნა გამოიკვეთა.
"ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სოციოლოგიური კვლევა. 117 მოქმედი იურისტიდან უმრავლესობამ მკაფიო მოთხოვნა დაასახელა იურიდიული ტექსტების ბეჭდურ ვარიანტზე. ჩვენ მათ მოთხოვნას ვპასუხობთ", - აღნიშნა "საკანონმდებლო მაცნეს" ხელმძღვანელმა.
განახლებულ სტამბას ნინო კვაჭანტირაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 2002 წლიდან მოყოლებული ამ თანამდებობაზე მუშაობდა. 2003 წელს წარმატებული საქმიანობისთვის ის ღირსების ორდენითაც დაჯილდოვდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, "საკანონმდებლო მაცნის" სტამბის ამოქმედება მიზნად ისახავს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იურიდიული ტექსტების ხელმისაწვდომობის გაზრდას.