საქართველოს საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრას გამოეხმაურნენ.
როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველი ასეთი ტიპის შეხვედრა აზიანებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივას და ეს ძალიან ცუდია.
"ყველასთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის, არსებობს ე.წ. წითელი ხაზები - საქართველო არასდროს არ შეურიგდება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას, მთელი ჩვენი პოლიტიკა არის მიმართული დეოკუპაციისკენ, არაღირების პოლიტიკის დამტკიცებისკენ ამ ორი რეგიონის მიმართ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარ ნორლანდმა კი აღნიშნა, რომ ამერიკა არ აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ელჩის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საუბარი ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, რომელიც დიალოგის სწორი კონტექსტია.
მაია ფანჯიკიძემ და რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნული განცხადებები საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.
ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ანქვაბს გუშინ შეხვდა.