თენგიზ გუნავას მიმართ სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი ამოქმედდება – ვინაიდან თავდაპირველად წარდგენილი ბრალი ვერ დამტკიცდა , ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ესაა სამართლებრივი სახელმწიფოს ოქროს წესი, რომელსაც ახალი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს.
"რაკი ვერ დასტურდება ის, რაც წერია თენგიზ გუნავას ბრალის შესახებ თავდაპირველ დოკუმენტში, მაგრამ ვერ დასტურდება ამის საწინააღმდეგოდ, რასაც თავად გუნავა ამტკიცებს, ამიტომაც ამოქმედდება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი და ოქროს წესი - ყოველგვარი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ჩვენს შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ამ პრინციპს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, იარაღისა და ნარკოტიკის გამოყენების საქმესთან მიმართებაში გუნავას ბრალეულობა არ დასტურდება, თუმცა პროკურატურა მის მიმართ წარდგენილ სხვა ბრალდებებზე მუშაობას განაგრძობს.
"გუნავას საქმე შევისწავლე და ძალიან დეტალური დასკვნა გამოვაქვეყნეთ, იქ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ გუნავას ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკი, გამოძიებით არ დასტურდება, მაგრამ სამაგიეროდ დადასტურდა, რომ მისი დაკავების და ჩხრეკის დროს ადგილი ჰქონდა რიგ უზუსტობებს. სწორედ ამ უზუსტობებმა საფუძველი შეურყია იმ ბრალდებებს, რაც მის მიმართ იყო წარდგენილი იარაღისა და ნარკოტიკის ქონის გამო. მაგრამ სხვა ბრალდებები, რომელიც მის მიმართაა წარდგენილი პროკურატურის მიერ მხარდაჭერილია და მისი განხილვა მოხდება", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
ამასთან, მთავარი პროკურორი შესაბამისი სამართალდამცველების პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით გუნავას ადვოკატის მოთხოვნასაც ეხმაურება და აღნიშნულს გამორიცხავს.
"იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, სამართლებრივი დევნა არ დაიწყება, არ დაწყებულა და არც დაიწყება, რადგან მათი ის დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს და ესაა დაკავებისა და ჩხრეკის დროებში აცდენა, არა სისხლის სამართლებრივ, არამედ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც აღნიშნული პირების მიმართ შს მინისტრმა მისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე განახორციელა", - დასძინა კბილაშვილმა.