მინისტრი სტუდენტებს გარანტიას აძლევს, რომ ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში, უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგება

მინისტრი სტუდენტებს გარანტიას აძლევს, რომ ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში, უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგება

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს გარანტიას აძლევს, რომ ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია დაჩქარებულ ვადებში აღუდგება. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სტუდენტების საინიციატივო ჯგუფსა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ამ წუთებში განათლების სამინისტროში მიმდინარეობს. შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

როგორც შეხვედრაზე მინისტრმა სტუდენტებს განუმარტა, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში ოთხ თვეში შედის. საპასუხოდ სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ უნივერსიტეტში არ არის ხარისხიანი განათლება, მაშინ რატომ აძლევენ მას საშუალებას, რომ სასწავლო პროცესი კიდევ ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდეს. სტუდენტების თქმით, ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უსამართლო იყო. მინისტრმა სტუდენტებს უპასუხა, რომ თუ რაიმე არასწორად განხორციელდა, გადაამოწმებს, ამის გარეშე კი კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ხარვეზები გამოსწორდება, რომელიც წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან, თქვენ არანაირი პრობლემა არ გექნებათ და მაქსიმალურად დაჩქარებულ დროში, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში აღუდგება უნივერსიტეტს ავტორიზაციას", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, 28 იანვარს, როდესაც უნივერსიტეტს მიუთითებს, რომ ხარვეზები გამოესწორებინა თვენახევარში, ეს არ გაითვალისწინეს.

პარალელურად, განათლების სამინისტროსთან სტუდენტთა აქცია მიმდინარეობს, რომლებიც აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენას მოითხოვენ.