კონსტიტუცია მთავრობის გადაყენებასა ან გადადგომასთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო მკაფიოდ დაარეგულირებს

კონსტიტუცია მთავრობის გადაყენებასა ან გადადგომასთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო მკაფიოდ დაარეგულირებს

კონსტიტუცია პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენებასთან, ასევე მთავრობის საკუთარი ნებით გადადგომასთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო მკაფიოდ დაარეგულირებს. 

ამ მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში გარეკვეული კორექტორება მოხდება და ჩაიწერება, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობას გადააყენებს ან, თუ მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგება.

"კონსტიტუციაში ნათლად ჩაიწერება, რომ ამის შემდეგ მთავრობის ძველი შემადგენლობა, ანუ ის, რომელსაც პრეზიდენტი გადააყენებს თუ თავად გადადგება, მთავრობის მოვალეობის შესრულება ეკისრება. სწორედ ეს მთავრობა გააგრძელებს საქმიანობას, ვიდრე არ შეიქმნება ახალი, პარლამენტის ნდობით აღჭურვილი მთავრობა", - განმარტავს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე.

მისივე ცნობით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი საკონსტიტუციო მუხლების ვადაზე ადრე ამოქმედების საკითხი ჯერ დღის წესრიგიდან მოხსნილია. ამასთან დაკავშირებით ხმალაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ოპოზიციამ აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური ამნისტიისა და ხელშეუხებლობის პირობა "მიაბა", რაც ხმალაძის შეფასებით, "არასწორია". გარდა ამისა, დეპუტატი განმარტავს, რომ 2013 წელს ასამოქმედებელი საკონტიტუციო ნორმების ვადაზე ადრე ამოქმედების საკითხის ინიცირება პარლამენტში ახლა რომ დაიწყოს, შედეგამდე მისვლას სულ მცირე თვენახევარი დასჭირდება, პროცესის გაჭიანურება კი, ხმალაძის თქმით, სახიფათოა.

"ჩვენ მინიმალური ცვლილების გზით წავედით, რათა აფეთქება არ მოხდეს და პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნას. ასეთი კრიზისის მოხსნა ქვეყანას სულ რამდენიმე თვის განვლობაში - საპრეზიდენტო არჩევნებამდე სჭირდება" - აღნიშნა ხმალაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში 18 მარტიდან იწყება.