ჩვენ გვყავს მთავრობა, რომლის წევრთა უმრავლესობას შესაძლოა, დეპარტამენტის უფროსის დონის ხელფასი ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პრემიერის გადაწყვეტილებაა და მინისტრთა კაბინეტში მას ყველა ეთანხმება, რომ პრემია აღარ უნდა იყოს ყოველთვიური და ის ჯილდოს უნდა წარმოადგენდეს წარმატებული მუშაობისთვის.
"პრემიერის წინადადება იყო და მთავრობაში ამაზე ყველა ვეთანხმებით, რომ პრემია საჯარო მოხელისთვის უნდა იყოს ჯილდო და ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ამა თუ იმ პირმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თავისი უწყების საქმიანობაში. ეს პრინციპი არის ყველას მიერ გაზიარებული. მე არ ვარ ერთადერთი მინისტრი, ვინც საკუთარ თავს პრემია არ გამოუწერა. ჩვენი მთავრობა არის ის მთავრობა, რომლის წევრთა უმეტესობას შეიძლება ჰქონდეს დეპარტამენტის უფროსის ხელფასი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, პირადად ის საკუთარ უწყებაში რეფორმას ახორციელებს, რომ "ხელფასს ხელფასი დაერქვას" და თუკი ჯილდოს გაცემის საფუძველი გაჩნდება, ის განისაზღვროს ბონუსად, ანუ პრემიად.
"მაგრამ პრემია არ უნდა იყოს ყოველთვიური და არ უნდა წარმოადგენდეს ხელფასის შეფარულ ფორმას", - აღნიშნა წულუკიანმა.
პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ხელფასებთან დაკავშირებით გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
ასევე, მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს.
მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს.
პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.