მურმან დუმბაძისთვის ხელვაჩაურის გამგებლის დაკავების ფორმა მიუღებელია

მურმან დუმბაძისთვის ხელვაჩაურის გამგებლის დაკავების ფორმა მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძისთვის ხელვაჩაურის გამგებელის ლევან ლორთქიფანიძის დაკავების ფორმა მიუღებელია. როგორც ხელვაჩაურის გამგეობაში მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით "საეჭვო მდგომარეობაა":

"დაკავების ფორმა კატეგორიულად მიუღებელია, დანარჩენი არის საეჭვო მდგომარეობა. ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველაფერი გაირკვევა უახლოეს პერიოდში", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ხელვაჩაურის გამგებელს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, დუმბაძემ აღნიშნა, რომ "ასე ფიქრობენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან საეჭვო".
დღეს ხელვაჩაურის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე თემურ შარაბიძე ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. ლევან ლორთქიფანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ხოლო თემურ შარაბიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამგეობის შენობიდან საკაცით გამოიყვანა და საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე იმყოფებოდნენ.

შარაბიძისა და ლორთქიფანიძის დაკავების შესახებ შს სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად.