კახი ყურაშვილი - ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში შედის 4 თვის შემდეგ

კახი ყურაშვილი - ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში შედის 4 თვის შემდეგ

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილი იმ "არსებით დარღვევებზე" საუბრობს, რომლის გამოც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა. 

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე განმარტება ყურაშვილმა დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქმის წარმოება ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, ხოლო მონიტორინგი საჩივარში დაფიქსირებულ ფაქტებზე იანვარში განხორციელდა.

როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, დასკვნა ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით აგრარულ უნივერსიტეტს 28 იანვარს ჩაბარდა და ხარვეზების გამოსასწორებლად თვეზე მეტი ვადა მიეცა.

"მათ მთელი რიგი ხარვეზები გაასწორეს. იყო არაარსებითი ხარვეზებიც, რაც საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, თუმცა, დარჩა არსებითი ხარვეზები, რომელსაც საბჭო გვერდს ვერ აუვლიდა. მაგალითად, უნივერსიტეტის მიერ გაცემული იყო ბაკალავრის დიპლომი და მინიჭებული იყო ხარისხი ისე, რომ სტუდენტს არ ჰქონდა აღებული 240 სასწავლი კრედიტი. გარდა ამისა, მთელი რიგი დარღვევები იყო აკადემიური პერსონალის სტანდარტებთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტს აქვს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებენ მოწვეული პროფესორებით და მას სრული პროფესორები და ასოცირებული პროფესორები ამ საგანმანათლებლო მიმართულებებზე არ ჰყავს, რაც ასევე არსებითი სახის დარღვევას წარმოადგენს", - აღნიშნა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, განათლების შესახებ კანონით აკადემიური პერსონალის არჩევა უნდა განხორციელდეს ღია კონკურსის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც აგრარულ უნივერსიტეტში რამდენიმე კონკურსი ჩატარებულია კანონის უხეში დარღვევით. ეს ფაქტი კი, როგორც ყურაშვილმა განმარტა, აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე ყოფნის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდა.

"გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო, ძალაში შედის სასწავლო წლის ბოლოს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააგრძელონ სწავლა ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე, ხოლო აგრარულ უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აღმოფხვრას ხარვეზები და აღიდგინოს ავტორიზაცია. არსებობს მეორე გზაც - სასამართლო დავის გზა, თუმცა აღნიშნულზე გადაწყვეტილება აგრარულმა უნივერსიტეტმა უნდა მიიღოს. ავტორიზაციის გაუქმება იყო სპეციალური დათქმით და ეს მიანიშნებდა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შედის 4 თვის, ანუ სემესტრის დასრულების შემდგომ", - აღნიშნა ყურაშვილმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 11 მარტს გაუუქმა.