პაატა ზაქარეიშვილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს , დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსის უფროსი საიმონ ფრაიზერი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დევიდ მორანი და დელეგაციის სხვა წევრები პაატა ზაქარეიშვილმა კანცელარიაში მიიღო. 

შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ არაღაირების პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა. მათივე შეფასებით, მისასალმებელია კონფლიქტის რეგიონებისთვის ევროპული ღირებულებების შეთავაზება. შეხვედრაზე ამ იდეის განხორციელების გზებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ბრიტანეთის მეტად ჩართულობის შესაძლებლობას.

პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის რეზოლუციაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში პარლამენტმა დაადასტურა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რომელიც საქართველომ სტრასბურგში 2010 წლის 23 ნოემბერს აიღო.

პაატა ზაქარეიშვილმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში, მათ შორის კონფლიქტის რეგიონებში სხვადასხვა პროექტის ხელშეწყობისთვის. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა თავის მხრივ, მზადყოფნა გამოხატეს, კვლავაც გააგრძელონ პროექტების მხარდაჭერა.