"ერისიონის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

ანსამბლ "ერისიონის" მიერ მოსკოვში კონცერტების გამართვა მოძრაობა "პატრიოტების" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. 

დაახლოებით 20-მდე აქტივისტი რუსთაველის გამზირზე "ერისიონის" ოფისთან შეიკრიბა. მათ შენობასთან სიმბოლურად წითელი ფურცლები დაყარეს, რომლებზეც გაკეთებული იყო წარწერა "10 რუბლი", რაც ე.წ. "წითელი თუმნიანების" განსახიერება იყო.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა "პატრიოტების" ხელმძღვანელის, გიორგი მაზმანიანის განცხადებით, მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის პრინციპულად და ზნეობრივად მიუღებელია, რომ ქართულმა ანსამბლმა იცეკვოს კრემლის სცენაზე, სწორედ იქ, სადაც საქართველოს ოკუპაციის გეგმები მუშავდებოდა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებდნენ ანსამბლის მხარამჭერები, რომლებიც ხელოვანების მხარდასაჭერად "ერისიონის" ოფისთან მივიდნენ და საპროტესტო აქციის მონაწილეები გააკრიტიკეს. მათ შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რაც ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დროულად აღკვეთეს.

როგორც ანსამბლის მხარდაჭერები აცხადებდნენ, მათთვის მიუღებელია, რომ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების მიერ ხდება ხელოვნებისა და პოლიტიკის ერთმანეთთან გაიგივება და შემდგომ ამ თემაზე მანიპულირება.

საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვეს ანსამბლ "ერისიონის" წარმომადგენლებმაც. როგორც "ერისიონის" ერთ-ერთმა რეპეტიტორმა ლევან კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია, რომ მოხდეს პოლიტიკის გამიჯვნა ხელოვნებისგან და აღსანიშნავია, რომ ის დადებითი მუხტი, რომელსაც ანსამბლი "ერისიონი", ისევე, როგორც ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები ტოვებენ ამა თუ იმ ქვეყანაში, პოლიტიკოსებს შეუძლიათ პირიქით მათთვის სასარგებლოდ და პოზიტიურადაც გამოიყენონ.

ამასთან, როგორც ლევან კუბლაშვილმა აღნიშნა, არასწორია ამ ფაქტის ისე წარმოჩენა, თითქოს ანსამბლმა იცეკვა კრემლისთვის, რადგან ყოფილ კრემლის საკონცერტო დარბაზს ამჟამად მოსკოვის დიდი საკონცერტო დარბაზი ჰქვია და ის არანაირ კავშირში არ არის რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.