ბიძინა ივანიშვილი:  თუ

ბიძინა ივანიშვილი: თუ "ნაციონალები" საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ, ეს თემა ევროპაშიც და ამერიკაშიც "აფეთქდება"

სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას ვერ გაბედავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, ეს თემა ევროპაშიც და ამერიკაშიც "აფეთქდება".

"საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაში ეს თემა კიდევ უფრო აიწევს, კიდევ უფრო სუნი აუვა და ისინი პოლიტიკურად თავს გაინადგურებენ. ამის შემდგომ რომ სააკაშვილმა დანიშნოს ახალი მთავრობა, პირველ ეტაპზე როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკაშიც დიდ ღიმილს გამოიწვევს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კრიზისი არ შეიქმნება, რადგან სააკაშვილს კონსტიტუცია საშუალებას აძლევს, ძველ მთავრობას დაავალოს. "თუ სააკაშვილი ამას დაიჟინებს და ფეხებს გაბიჯგავს, მიიღებს არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს რისხვას. მან ეს კარგად იცის, უბრალოდ ხარახურობს და საკუთარ გუნდს ამით ადუღაბებს. მან მშვენივრად იცის, რომ რისხვა იქნება ყველა მხრიდან, ამიტომ ვერ გამოიყენებს, რამეთუ სამუდამოდ გაინადგურებს საკუთარ პერსპექტივას", - აღნიშნა ივანიშვილმა.