“ბიძინა ივანიშვილი - პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, დაუჭერენ თუ არა მხარს

“ბიძინა ივანიშვილი - პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, დაუჭერენ თუ არა მხარს "ნაციონალები" საკონსტიტუციო ცვლილებებს

‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით 20-დან 22 მარტამდე განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს დაუჭერს თუ არა მხარს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ცვლილებებს. "ეს მათი საქმეა, მათი თამაშია. ისინი საკუთარ თავს ეპაექრებიან და ვერ გააცნობიერეს, რომ ასეა. მე მინდოდა ამ თემის აწევა და დევალვირება და მგონი, ეს კარგად მოხდა. კარგად გავაგებინე საქართველოს მოსახლეობას, რა გვინდოდა. "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია ამ ცვლილებებს ხმა მისცეს, შეუძლია უარი თქვას. ჩვენ გამოვამზეურეთ ყველაფერი და ვაჩვენეთ როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე მთელ მსოფლიოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანურად უკეთესია, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს. პრემიერის აზრით, პარტია საკუთარი სახის გადარჩენას შეძლებს. "უარის შემთხვევაში, ისინი საბოლოოდ გაემიჯნებიან საზოგადოებას და იტყვიან, რომ მათთვის საზოგადოება არის მხოლოდ ერთი კაცი. ისინი გაანადგურებენ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას", საზოგადოებას კი ვერაფერს დააკლებენ. ჩვენთვის მათი უარი პოლიტიკურად მომგებიანია, თუმცა, თუ ეს ცვლილებები ჩავარდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ევროპაში თავი აღარ გამოეყოფა. სააკაშვილს გარიცხავენ სახალხო პარტიიდანაც, რომლის წევრობითაც ასე ამაყობს. ჩვენ შეგვიძლია უმცირესობას "შახიდებიც" კი ვუწოდოთ, თუ სურთ, თავი აიფეთქონ. ამით ქართულ საზოგადოებას ვერაფერს ავნებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოს ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ამიტომ სურვილი აქვს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით "სახე შეინარჩუნოს და საზოგადოებას მკვეთრად არ გაემიჯნოს".