გიორგი მარგველაშვილი:

გიორგი მარგველაშვილი: "აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტების კონსტიტუციური უფლებები ირღვეოდა"

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტების კონსტიტუციური უფლებები ირღვეოდა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საბჭოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომელის თანახმად აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა.

"ამ პროცესში არსებობს სამი სტანდარტი და სამ სტანდარტში შვიდი პუნქტი არის დარღვეული. მათგან ერთიც რომ იყოს დარღვეული, მოქმედი კანონმდებლობით, ეს ვალიდური გადაწყვეტილებაა. იმ ხალხს, რომელიც ამ თემაზე პოლიტიკურ სპეკულაციას ახორციელებს, მხოლოდ ერთს გავახსენებ, დანარჩენებს კი მერე ნელ-ნელა მოგიყვებით და არა ის, რომ თითქოს მართლა ერთი წიგნის გამოა მთელი პრობლემა: დარღვეულია განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლი და საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების 33-ე მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ აგრარულ უნივერსიტეტს დადგენილი აქვს ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობა, რაც არალეგიტიმურია მოქმდედ კანონმდებლობასთან. განსხვავება იცით, რაში მდგომარეობს? შეწყვეტის შედეგად, თუ არ გაქვს გადახდილი თანხა, გამოცდები უნდა ჩააბარო ხელახლა, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტს ასეთ შემთხვევაში აქვს 5 წლით სტატუსის შეჩერების უფლება", - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამას სტუდენტების კონსტიტუციური უფლების შელახვა ჰქვია.