თეა წულუკიანი:   არ დავუშვებთ, რომ უმწეო და უქონელი ადამიანების გაუბედურება ხდებოდეს

თეა წულუკიანი: არ დავუშვებთ, რომ უმწეო და უქონელი ადამიანების გაუბედურება ხდებოდეს

საცხოვრებელი სახლების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით პრემიერ-მინისტრის დავალებით იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართლებრივ რეჟიმზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფის პირველი სხდომა უწყებაში დღეს გაიმართა. მას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში კი შედიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, აღსრულების ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეები, აგრეთვე საბანკო სექტორის ექსპერტები.

როგორც წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით უწყება რამდენიმე ეტაპიანი რეფორმის ჩატარებას გეგმავს.

"პირველი ეტაპი შეეხება კერძო იპოთეკარების საქმიანობას. ჩვენი მიზანია, რომ კერძო იპოთეკარებმა ვეღარ შეძლონ მარტივად ისარგებლონ სესხის ამღებთა უმწეობით და აღმოჩნდეს, რომ საქართველოში მრავალმა ადამიანმა ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე უკანასკნელი საცხოვრისი დაკარგოს და ქუჩაში დარჩეს. ეს არის დიდი ტრაგედია და ამ კუთხით სამართლებრივი რეგულაციებია საჭირო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, მათი მონაცემებით, კერძო იპოთეკარებს დღეის მდგომარეობით იპოთეკის ბაზრის 34 პროცენტი უჭირავს.

"სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის მიმდინარეობისას აღმოვაჩინეთ, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი სტატისტიკური კვლევა არ ჩაუტარებია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ოჯახს ემუქრება გამოსახლება და რა ტიპის დავები არსებობს. ჩვენ კი დავადგინეთ, რომ კერძო იპოთეკარებზე დღეს მოდის იპოთეკის ბაზრის 34 პროცენტი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და რომლის უკანაც ძალიან ბევრი ოჯახური ტრაგედია დგას. არ დავუშვებთ, რომ უმწეო და უქონელი ადამიანების გაუბედურება ხდებოდეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.