განათლების სამინისტროს ინიციატივით სასკოლო ოლქი იქმნება

განათლების სამინისტროს ინიციატივით სასკოლო ოლქი იქმნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ახალი სტრუქტურა - სასკოლო ოლქი იქმნება. ახალი პროექტი განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს წარუდგინა.

მარგველაშვილის თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, სკოლის დეცენტრალიზებულ მართვაში ახალი თვითმმართველი რგოლი ჩაერთვება. ახალი მოდელის მიხედვით, სამინისტრო სტანდარტებსა და მათი მიღწევის შეფასების კრიტერიუმებს შეიმუშავებს. ამასთან, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისათვის სკოლების სტანდარტების ძირითადი კომპონენტების ხელმისაწვდომობას. საგანმანათლებლო რესურსცენტრი შეინარჩუნებს სკოლებისათვის საგანმანათლებლო, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო დახმარების გაწევის ფუნქციას. ასევე, რაიონის დონეზე განახორციელებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა პროგრესის მონიტორინგსა და კონტროლს. დამატებითი მმართველობითი რგოლის ფუნქცია კი, სკოლის ოლქის დონეზე სასკოლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება იქნება.

მარგველაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 250-300 სასკოლო ოლქი იარსებებს, რომელიც, საშუალოდ, 10 სკოლას მოემსახურება. სასკოლო ოლქის საბჭოს წევრების რაოდენობა ყველა ოლქში ფიქსირებული - 9 წევრი იქნება: წევრების უმრავლესობა (6 წევრი) აირჩევა, მაგრამ 1 წარმომადგენელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დანიშნავს, 1 წევრს - ადგილობრივი თვითმმართველობა და 1 წევრს - საგანმანათლებლო რესურსცენტრი. მარგველაშვილის თქმით, შესაძლოა, მომავალში ამ საბჭოებმა სკოლის დირექტორები დანიშნონ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ორი კვირის განმავლობაში დეტალურად განიხილება, შემდეგ მოხდება მისი პილოტირება.