ნოდარ ხადური - ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება

ნოდარ ხადური - ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება

საქართველოში ეკონომიკური ზრდა მინიმუმ ექვსი პროცენტი იქნება და ბიუჯეტის დეფიციტი არ გადააჭარბებს 2,8 პროცენტს , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის ახალი პროექტის – "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" ფარგლებში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვს პროგნოზი, რომ ინვესტიციები მინიმუმ ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე 2012 წელს და დაახლოებით ორ მილიარდს შეადგენს.

"2012 წლის მეორე კვარტლიდან საქართველოში დაიწყო უცხოური ინვესტიციების საქართველოში შემოდინების შემცირება, ეს არ მომხდარა მეოთხე კვარტალში. თავისთავად ცხადია, არჩევნები და ის პოლიტიკური წნეხი, რომელსაც ბიზნესი განიცდიდა წინა ხელისუფლების მიმართ იყო განმსაზღვრელი", - აღნიშნა ხადურმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში 100-ზე მეტი კომპანია პრივილეგიებით სარგებლობდა და შემოსავლების სამსახურის მიერ არ მოწმდებოდა. მინისტრმა აღნიშნული კომპანიების ჩამოთვლისაგან თავი შეიკავა. მისი განმარტებით, საგადასახადო კანონმდებლობაში არის შემზღუდავი მუხლი, რომელიც კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოყენებას კრძალავს.

"ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, მაგრამ ასევე ვმუშაობთ კანონის შეცვლაზე",- დასძინა ხადურმა.

ამასთან, ნოდარ ხადური ძვირადღირებული ავტომობილების აუქციონზე გატანასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ მანქანებს, რომლებზეც არის გარკვეული გაუგებრობა, ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე არ გაიტანს, თუმცა ძვირადღირებულ ავტომანქანებს, რომლითაც, მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები გადაადგილდებოდნენ - გაყიდიან.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აზარტული თამაშობების შესახებ კობა დავითაშვილის განცხადებებს დღეს გაეცნო და ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გაკეთებს.
საწვავის ფასის გაიაფების კონტექსტში საუბრისას კი აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა არის არა მხოლოდ საწვავზე, არამედ ქართულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობაა.

"ანტიმონოპოლიური სამსახური დღეს არის დასუსტებული და მიზერულ ფუნქციებს ასრულებს. პრაქტიკულად გაჩერებულია. საქართველოს პარლამენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე. ამ ინსტიტუცური პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, ვფიქრობ, რომ წინსვლა კიდევ უფრო დიდი იქნება", - დასძინა ხადურმა.