მაია ფანჯიკიძე ბრაზილიაში გაემგზავრება

მაია ფანჯიკიძე ბრაზილიაში გაემგზავრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აპრილის დასაწყისში ბრაზილიაში გაემგზავრება. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვერა მაშადოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ფანჯიკიძის განცხადებით, ეს იყო პირველი მაღალი დონის ვიზიტი ბრაზილიიდან საქართველოში და აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია. ფანჯიკიძის განცხადებით, ვერა მაშადოს დღეს პირველად შეხვდა, თუმცა რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ის მიწვეულია ბრაზილიაში და ამ ქვეყანაში აპრილის დასაწყისში გაემგზავრება.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს დაეთმო.

"ბრაზილიას აქვს ძალიან მზარდი ეკონომიკა და იგი დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. შესაბამისად, ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბრაზილიელი ბიზნესმენების ჯგუფი ეწვევა საქართველოს და ადგილზე შეისწავლის საინვესტიციო გარემოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისარგებლა შემთხვევით და ისაუბრა არაღიარების პოლიტიკის, ასევე გაერო-ში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის შესახებ. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ორივე საკითხზე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღუთქვა, რომ იმუშავებს თავის ქვეყანაში იმისთვის, რომ ქართული მხარის ეს თხოვნა შეასრულოს.