ნოდარ ხადური:  ბანკირები საპროცენტო განაკვეთის შემცირებით დაინტერესებულნი არიან

ნოდარ ხადური: ბანკირები საპროცენტო განაკვეთის შემცირებით დაინტერესებულნი არიან

ბანკირები დაინტერესებულები არიან, რომ საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ახალი პროექტის - "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს უზრუნველყოფა იმისა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მსოფლიო საბანკო სისტემის ნაწილი გახდეს.

"საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესი მე მგონი უკვე დაწყებულია. ყოველ შემთხვევაში, ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. რამდენიმე საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას დაბალი საპროცენტო განაკვეთით", - განმარტა ხადურმა.

მისივე თქმით, ხელის შემშლელი ფაქტორები შესაძლოა, ბევრი იყოს – მაგალითად, მაღალი ინფლაცია, პოლიტიკური ზეწოლა და რისკები. თუმცა ხადურის განმარტებით, ეს ყველაფერი გამორიცხული და მოხსნილია.

ამასთან, ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსული ბანკების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

ხადურის ინფორმაციით, საქართველოში დღეს მოქმედებს რუსული ბანკი "ვითიბი", რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც მუშაობდა. მისი თქმით, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ამ ბანკმა საქართველოში მუშაობა გააფართოვოს.

"სამწუხაროდ პრეზიდენტ სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ საქართველოდან გაიყვანა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბანკი HSBC, რაც დიდი დანაკარგი იყო საქართველოს საბანკო სისტემისთვის. პრობლემა ის არის, რომ ბანკს აქ არ შეექმნა მუშაობის შესაძლებლობა და იძულებული გახდა, მეზობელ სახელმწიფოში დაბრუნებულიყო. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი", - განაცხადა ხადურმა.