ადვოკატი - კახა ბენდუქიძემ აგრარულ უნივერსიტეტში 12.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ადვოკატი - კახა ბენდუქიძემ აგრარულ უნივერსიტეტში 12.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

კახა ბენდუქიძემ აგრარულ უნივერსიტეტში 12.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აგრარული უნივერსიტეტის იურისტმა ლილი ბეგიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი გადაეცა კახა ბენდუქიძის ფონდს, არის საჯარო - ეს არის მთავრობის დადგენილება და პრეზიდენტის განკარგულება.

ბეგიაშვილის ინფორმაციით, საპრივატიზებო თანხა, რომელიც ფონდს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, შეადგენდა 4 მლნ 150 ათას დოლარს ექვივალენტს ლარებში. მისი თქმით, იყო ვალდებულება 1 მლნ დოლარი გადარიცხულიყო საქართველოს სხვადასხვა სკოლებში, რომლებსაც თავად განათლების სამინისტრო ამოირჩევდა და ეს თანხაც უკვე გადარიცხულია.

ბეგიაშვილის თქმით, ერთ-ერთი ვალდებულება იყო ასევე ის, რომ 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელებულიყო თავად აგრარულ უნივერსიტეტში, თუმცა ამის ნაცვლად, 12.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციაა ამ დრომდე განხორციელებული და ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

იურისტი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კახა ბენდუქიძეს აგრარული უნივერსიტეტის ქონება გადაეცა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. მისივე თქმით, სიცრუეა ისიც, თითქოს ქონება, რომელიც კახა ბენდუქიძეს გადაეცა, არის მეტი ღირებულების.

"ეს არის ვალდებულებით დატვირთული ქონება და უბრალოდ სხვა ბიზნესს რომ გადაეცეს არ შეიძლება. ეს ქონება განათლების მიზნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული", - აღნიშნა ბეგიაშვილმა.
მისივე თქმით, შეუძლებელია კახა ბენდუქიძეს და მის ფონდს რაიმე სარგებელი ჰქონდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აგრარული უნივერსიტეტი არაკომერციული იურიდიული პირია, რაც თავიდანვე გამორიცხავს რაიმე მოგების ნახვას.