ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს ხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს ხვდება. 

შეხვედრაში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრების გარდა მონაწილეობენ მოწვეული ექსპერტები ავთანდილ დემეტრაშვილი, ვახტანგ ძაბირაძე, ოთარ მელქაძე, ირაკლი მენაღარიშვილი, ნიკო მელიქაძე და ვახუშტი მენაბდე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ლია მუხაშავრია, მინდია უგრეხელიძე, სოსო ცისკარიშვილი, ლადო პაპავა, რამაზ საყვარელიძე.

პრემიერს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს.

"უახლოეს დროში იქნება ერთი სერიოზული ცვლილება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითც პრეზიდენტს აღარ ექნება საშუალება პარლამენტის დათხოვნის ან მთავრობის გადაყენების შემდეგ საკუთარი მთვრობა ჩამოაყალიბოს. ვფიქრობ, ეს გამართლებული ცვლილებაა და მოხსნის იმ დაძაბულობას, რომელიც აღმასრულებელ და საპრეზიდენტო ხელისუფლებას შორის არსებობს", - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი გამართლებულად მიიჩნევს კონსიტუტციაში იმ ექვსთვიანი შეზღუდვის დატოვებას, რომელიც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით უწესდება. კერძოდ, დემეტრაშვილის აზრით, პრეიზდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება დაითხოვოს პარლამენტი მისი არჩევიდან 6 თვის განმავლობაში და პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე.
როგორც ავთანდილ დემეტრაშვილმა აღნიშნა, ეს საკითხები უპირველეს ყოვლისა გადაჭრას საჭიროებს, თუმცა კონსტიტუცია მომავალში კიდევ იქნება გადასასინჯი, რათა იგი უფრო სრულყოფილი გახდეს.

პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.