"საზოგადოებრივი ინიციატივა" ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით უკანონოდ მიიჩნევს.

როგორც დღეს "პრაიმთაიმის" პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აგრარული უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტია.

კოალიციის წარმომადგენლის შმაგი ჩოხელის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში აგრარულმა უნივერსიტეტმა შეძლო საბჭოთა სტანდარტების შეცვლა და მისი თანამედროვე პროგრესულ უნივერსიტეტად გადაქცევა.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძველი საბჭოთა უნივერსიტეტი გარდა იმისა, რომ კორუფციის ბუდედ იყო ქცეული, არანაირი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი არ გააჩნდა მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. დღესდღეობით კი ერთ-ერთი მაღალი დონის საგანმანათლებლო ცენტრად მიიჩნევა ქვეყანაში", - აცხადებს შმაგი ჩოხელი.

კოალიციის წარმომადგენლები აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სოლიდარობას უცხადებენ და დღეს დაგეგმილ აქცია შეუერთდებიან.

როგორც ცნობილია, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ცენტრმა გუშინ აკრედიტაცია შეუჩერა.