აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

აგრარული უნივერსიტეტი უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ დღეს "პრაიმთაიმის" პრესკლუბში უნივერსიტეტის იურისტებმა ლელა ბეგიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ განაცხადეს.

ბეგიაშვილის აზრით, ცენტრის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. "უნივერსიტეტში შემოწმებაზე 3 იანვარს შემოვიდნენ, მაშინ როცა საახალწლო დღეები იყო და იქ დარაჯის გარდა არავინ დახვედრიათ. შემდეგ მოხდა თანამშრომლების გამოძახება", - აცხადებს ბეგიაშვილი.

მისივე თქმით, გუშინ ავტორიზაციის ცენტრს შეეძლო უნივერსიტეტისთვის მიეცა ორკვირიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუმცა ასე არ მოიქცა.
ბეგიაშვილი მიიჩნევს, რომ დასკვნაში ბევრი უსუსური ხარვეზია დაფიქსირებული.

"გვედავებიან ლექტორების ასაკს. ასევე დასკვნაში წერია, რომ უნივერსიტეტში არ არის ინვენტარი. საინტერესოა, ინვენტარის გარეშე როგორ უნდა მიმდინარეობდეს სწავლა", - აცხადებს ბეგიაშვილი.

იურისტ იაგო ხვიჩიას განცხადებით, აკრედიტაციის ცენტრმა სტუდენტებს უფლება მისცა, სემესტრის ბოლომდე ისწავლონ, შემდეგ კი მათი გადანაწილება სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოხდება.

მისივე თქმით, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრიდან დასკვნა უნივერსიტეტს ათი დღის ვადაში გადაეგზავნება, რის შემდეგაც ამ დასკვნის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეეძლებათ.

აგრარულ უნივერსიტეტს აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია შეუჩერა.