"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე ვაუჩერების დარიგებას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას ითხოვს. 

როგორც ნოდარ დუმბაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბათუმისთვის შემოერთებულ მიწის ნაკვეთებს სტატუსი არ შეცვლია და მოსახლეობას ვაუჩერები ეკუთვნის. ნოდარ დუმბაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაუჩერების დროულად გაცემისკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბათუმის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ აპირებს სასოფლო სამეურნეო ვაუჩერის დარიგებას. ჩემთვის უცნობია ფაქტი, თუ რატომ არ აპირებს. მინდა შევახსენო დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ბათუმის ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამიტომ კეთილი ნება ისურვოს და ბათუმის ტერიტორიაზე დაარიგოს ვაუჩერები. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, არაერთი ვაუჩერი დაგვირიგებია ქალაქ ბათუმში და მიზეზი არ ყოფილა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების არ არსებობა", - აღნიშნა ნოდარ დუმბაძემ.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძემ განმარტა, ვაუჩერს ყველა ის ოჯახი მიიღებს, ვისაც სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი აქვს.

"ნაწილი დარიგებულია. 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ნაკლები ვისაც აქვს მიიღებს 100 ლარის ღირებულების ნომინალურ ბარათს, რომლითაც შეიძენს სასოფლო-სამეურნებო იარაღებს და შხამ-ქიმიკატებს ასევე, მინერალურ სასუქებს. ბარათების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება", - აღნიშნა ავთანდილ მესხიძემ.