დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეებს შეხვდა

დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილეებს - მარი იავანოვიჩს, ერიკ რუბინს და თომას მელიას შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემები იყო: სტრატეგიული თანამშრომლობა, ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყნის დემოკრატიზაცია და საკონსტიტუციო ცვლილებები.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საპარლამენტი დელეგაციის წევრები - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

"ჩვენ შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ევროპის, კავკასიის და საქართველოს საკითხებზე. ამ შეხვედრებზე ჩვენი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სათქმელი იყო შემდეგი - ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ერიკ რუბინმა ჟურნალისტებთან საუბრისას კმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და მისი გუნდის პარლამენტში გაწეული საქმიანობის გამო.

"მრავალი წლის განმავლობაში, აშშ და საქართველო თანამშრომლობს. მე ბატონ დავითს მოვახსენე ჩემი დადებითი აზრი მისი და მისი გუნდის ხელმძღვანელობის სტილის თაობაზე. ჩვენ ვიცით, რომ მათ მრავალი რთული გამოწვევა ჰქონდათ წინა თვეებში, და მიუხედავად ამისა, მათ შესძლეს ეთანამშრომლათ ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეზოლუციაზე, ასევე ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვაზე. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს კონსტიტუციურ რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ამ კონსტიტუციის სტაბილურობას. მე ასევე მოვახსენე ბატონ დავითს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ასევე გვსურს გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს მზაობისა და თითოეული ქართველი ადამიანის წვლილისათვის ISAF-ის ოპერაციებში ავღანეთში. ეს ხელს უწყობს მეგობრობის გაღრმავებას და უფრო ამყარებს იმ დადებით და თბილ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა, თუმცა არ გვქონდა საკმაო დრო იმისთვის, რომ ყველაფერზე გვესაუბრა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე საუბარს, განვიხილავთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დასახმარებლად, რათა მათ გაატარონ აუცილებელი ცვლილებები. აუცილებლად დავეხმარებით საქართველოს მათ ეკონომიკურ დღის წესრიგში, რომლის მიზანიცაა დასაქმების გაზრდა და ვაჭრობაში ხელშეწყობა", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.