უმცირესობა ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თავიდან ბოლომდე გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

უმცირესობა ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თავიდან ბოლომდე გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თავიდან ბოლომდე გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ რეკომენდაციების იმ ნაწილის გათვალისწინება, რომელიც მმართველ კოალიციას მიაჩნია სასარგებლოდ, დაუშვებელია.

"ვენეციის კომისია არის თავყრილობა მსოფლიოში აღიარებული იურისტების და პრაქტიკოსების, ამიტომ მათი რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ მმართველი კოალიცია თავიდან ბოლომდე გაიზიარებს რეკომენდაციებს და არა ნაწილობრივ, რაზეც ბოლო დღეებშია საუბარი. რეკომენდაციების ნაწილის გაზიარება მიუღებელია", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, რეკომენდაციების ნაწილობრივ გათვალისწინებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები მოჰყვება, რაც მმართველ კოალიციას აღარ უნდა გაუკვირდეს.