ჯანდაცვის სამინისტროში მოშიმშილე მედიკოსებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროში მოშიმშილე მედიკოსებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან გათავისუფლებულ მოშიმშილე ექიმებთან შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს , ისინი შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ მიზეზებზე, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათივე თქმით, შეხვედრაზე საკუთარ მოთხოვნებსაც დააყენებენ, მათ შორის, მოითხოვენ ადმინისტრაციის შეცვლასა და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას. თუმცა, აქვე მოშიმშილე მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მათ გარკვეულ დათმობებზეც მოუხდეთ წასვლა.

შეხვედრის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახა საკანდელიძემ განაცხადა, რომ იყო ზეპირსიტყვიერი საუბარი არაერთხელ, თუმცა შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მინისტრის მოადგილის თქმით, მოშიმშილეთა მოთხოვნები გაურკვეველია და ბოლომდე ქაღალდზე ჩამოყალიბებული არ არის.

"ჩვენ აქ ვერც ხელმძღვანელობას დავაძალებთ შენ წადი და ის დატოვე, ან პირიქით. შეიძლება ეს გახდეს სასამართლოს დავის საგანი და იქ საბოლოოდ გაირკვევა ტყუილ-მართალი", - აღნიშნა კახა საკანდელიძემ.

შეხვედრას ესწრებიან ასევე დეპუტატები, მათ შორის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. შეხვედრაზე იმყოფებიან ასევე მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყოფილი 5 თანამშრომელი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. დღევანდელ შეხვედრას ხუთივე მათგანი ესწრება