ვლადიმერ ბოჟაძე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვლადიმერ ბოჟაძე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დამფუძნებელი და დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ბოჟაძე ამბობს, 2013 წლის 27 აპრილს დაგეგმილი შუალედური საპარლამენტო არჩევნები ახალი ხელისუფლებისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა და შესაბამისად არსებობს საფრთხე, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ის "კანონიერი" მეთოდები გამოიყენოს, რომელთა საშუალებითაც "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო პროცესებზე ზეგავლენას ახდენდა.

ლადო ბოჟაძის აზრით, თავისთავად კოალიციისათვის სამივე საარჩევნო ოლქში გამარჯვება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ნაძალადევის, ბაღდადისა და სამტრედიის ოლქები ერთხელ უკვე მოგებული აქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გარემოში ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება თუ არა თანაბარი პირობები ყველა კანდიდატისთვის, გამოყენებული იქნება თუ არა "ქართული ოცნების" მხრიდან ადმინისტრაციული რესურსი და საბიუჯეტო სახსრები.

"შუალედური არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი, გაუძლებს თუ არა ახალი მთავრობა ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების ცდუნებას. თუ აღნიშნული არჩევნები სამართლიან, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში არ ჩატარდა, მაშინ კითხვის ქვეშ დადგება თუ როგორ ჩაატარებს ხელისუფლება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს", - მიაჩნია ბოჟაძეს.

მისივე თქმით, შუალედური არჩევნები პირველი არჩევნებია, სადაც მართალია სამ ოლქში, მაგრამ მაინც გაიზომება როგორც ახალი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის რეიტინგი. "ასევე, მნიშვნელოვანია თუ რამდენ ხმას მიიღებენ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები, იმაზე მეტს თუ ნაკლებს, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მიიღეს, რადგან ამ არჩევნებზე გამოჩნდება, როგორ აფასებს მოსახლეობა ახალი ხელისუფლების თითქმის ექვსთვიან მუშაობას", - მიაჩნია მას.