გიგი კალანდაძე სამხედრო პოლიციის უფროსის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს

გიგი კალანდაძე სამხედრო პოლიციის უფროსის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე სამხედრო პოლიციის უფროსის, კახაბერ ჩიხრაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლოსა და უსაგნოს უწოდებს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიგი კალანდაძემ განაცხადა, საერთოდ არ იცნობს აღნიშნული თემის მასალებს და ბრალდება მისთვის უცნობია.

"საქმესთან დაკავშირებით საერთოდ არ გამიცია არანაირი ბრძანება და ეს არის კიდევ ერთი მორიგი უსაფუძვლო ბრალდება, როგორც დანარჩენი სამი. ყველა მოძრაობა აღრიცხულია კონკრეტული ბრძანებით და იმ ბრძანების საფუძველზე ხდება ნებისმიერი ნივთის გადაადგილება. როგორც კახაბერ ჩიხრაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ლოგისტიკური ბაზიდან მოხდა გადაადგილება მეორე ქვეით ბრიგადაში. ეს ხორციელდებოდა ყოველთვის. ყოველთვის ამარაგებდა ის კონკრეტული საწვავის ბაზა იქვე ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილებს. ასე რომ, აქ რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ", - განაცხადა კალანდაძემ.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი სამხედრო პოლიციის უფროსის დღევანდელ განცხადებებს გიგი კალანდაძის მიერ გუშინ გამართულ პრესკონფერენციას უკავშირებს. კალანდაძის თქმით, იგი არაერთხელ ყოფილა დაბარებული როგორც სამხედრო პოლიციაში, ასევე პროკურატურაში, თუმცა აქამდე აღნიშნული თემის შესახებ შეკითხვები არასოდეს დაუსვამთ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო პოლიცია ან პროკურატურა აღნიშნულ საკითხზე მოწმის სტატუსით დაიბარებს, იგი გამოძიებასთან ითანამშრომლებს.