ზურაბ ჯაფარიძე:  თუ სამეურვეო საბჭო დაიშლება, ეს საზმაუწყებელზე კონტროლის დაწესების მცდელობა იქნება

ზურაბ ჯაფარიძე: თუ სამეურვეო საბჭო დაიშლება, ეს საზმაუწყებელზე კონტროლის დაწესების მცდელობა იქნება

იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დაიშლება და ახალი ბორდი შეიქმნება, ეს იქნება ხელისუფლების მცდელობა - პოლიტიკური კონტროლი დააწესოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, მაუწყებლის კანონის შეცვლის აუცილებლობა ამ დროისთვის არ დგას დღის წესრიგში.

"ჩვენ ვეთანხმებით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებას, რომლებიც ადასტურებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ყველაზე ობიექტურად დაბალანსებული ამ ქვეყანაში. ჩვენ შესაბამისად ვასკვნით, რომ კანონმა რომელიც არსებობს, იმუშავა, კონკრეტული შედეგი მოიტანა და მივიჩნევთ, რომ ამ კანონის შეცვლის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. არსებობს ბორდი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს და შიგნით არსებული სიტუაცია დარეგულირდეს. თუ იქნება ახალი კანონი, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ არსებული ბორდი დაიშლება და ახალი შეიქმნება, ჩავთვლით, რომ ეს არის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მცდელობა - პოლიტიკური კონტროლი დააწესოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.