ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო

ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო

ფინანურ-საგადასახადო და არადეკლარირებული შემოსავლების ამნისტირების, ასევე, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზების თაობაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ჩააგდო.

პაკეტის ფარგლებში წარდგენილმა ექვსმა საკანონმდებლო პროექტმა მხარდაჭერა მხოლოდ უმცირესობის წევრების მხრიდან მიიღო, ხმათა უმრავლესობის შედეგად კი, ჩავარდა.

კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ დეპუტატმა კობა დავითაშვილმა საკითხის კენჭისყრიდან საერთოდ მოხსნა მოითხოვა და განმარტა, რომ კონსტიტუციის გათვალისწინებით, არ შეიძლება კენჭისყრაზე ისეთი საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება, რომელიც ბიუჯეტში ცვლილებებს იწვევს და რაზეც მთავრობის თანხმობა არ არსებობს.

"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" კანონპროექტით და მისგან გამომდინარე პროექტებით მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს შესთავაზა, რომ შემწყდარიყო სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ და სასჯელისგან ის მსჯავრდებულები გათავისუფლებულიყვნენ, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. ამავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში პრეზიდენტმა პარლამენტს "სისხლის სამართლის კოდექსიდან" ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულებთან დაკავშირებული რიგი მუხლების ამოღება შესთავაზა. სააკაშვილი ცალეკულ ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებისა და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების წინადადებით გამოვიდა, რიგ დანაშაულებზე კი, თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებების შემსუბუქება მოითხოვა.