"სილქ როუდ ჯგუფში" შემავალი კომპანიები პანტომიმის თეატრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"სილქ როუდ ჯგუფში" შემავალი კომპანიები პანტომიმის თეატრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"პანტომიმის თეატრის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას გვსურს ვაუწყოთ შემდეგი: ჩვენს კომპანიებს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით საკუთრებაში გადაეცა რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ნანგრევები, ასევე რუსთაველის 37-ში მდებარე პანტომიმის თეატრის ფართი საინვეტიციო პირობებით, რომელიც ითვალისწინებს "ანდროპოვის ყურების" ადგილას არასაცხოვრებელი ნაგებობის მშენებლობას და არანაკლებ 2.000.000 (ორი მილიონი ლარის) ინვესტირებას. ამას გარდა, რესპუბლიკის მოედნის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის უკვე დახარჯული გვაქვს 2.000.000 აშშ დოლარამდე; აუქციონზე 18.749.000 აშშ დოლარად შეძენილ ფოსტა-ტელეგრაფის შენობიდან კერძო პირების ფართით დაკმაყოფილებაში გადავიხადეთ 5.100.000 აშშ დოლარზე მეტი, ხოლო შენობის შემდგომი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე წინასწარი გათვლებით დაიხარჯება 20,000,000 აშშ დოლარზე მეტი.

ამასთანავე, უკანასკნელი წლების განმავლობაში პროექტში, რომელიც ითვალისწინებს რესპუბლიკის მოედნის სრულ რეაბილიტაციას ჩვენ უკვე დავხარჯეთ 14 მილიონი აშშ დოლარი, სადაც შედის არა მხოლოდ ნანგრევების, მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობა-კეთილმოწყობა, არამედ საკუთრივ, მელიკ აზარიანცის ფართების გამოსყიდვა კერძო პირებისგან, შენობის რესტავრაცია და ის თანხაც (100,000) ლარი, რომელიც სახელმწიფოსთან ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ გადავურიცხეთ პანტომიმის თეატრს მისთვის სხვა ადგილას გამოყოფილი ფართის კეთილმოსაწყობად.
იმ მიზნით, რომ მთელი ეს დანახარჯები რეალურ ბიზნესპროექტად გადაიქცეს, ანუ გაცოცხლდეს და ადამიანებისთვის მიმზიდელი გახდეს რესპუბლიკის მოედნის, მიწისქვეშა ნაგებობების, ფოსტა-ტელეგრაფის, მელიკ აზარიანცის, "ანდროპოვის ყურების" და მიმდებარე ადგილები საჭირო არის შესაბამისი გარემოს შექმნა, სწორედ ასეთი გარემოს შექმნას ცდილობს ჩვენი ორგანიზაცია, როდესაც გასწევს რისკებით სავსე საინვესტიციო საქმიანობას, რაც გრძელვადიანი და რთული პროცესია.

ამ ფონზე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სწორედ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულება იყო, როგორც პანტომიმის თეატრის, ისე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებისთვის ალტერნატიული ფართის (ეს უკანასკნელი ჩვენს კუთვნილ ფართში უსასყიდლოდ არის განთავსებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) გადაცემა. მზად ვართ პასუხი გავცეთ დამატებით ყველა შეკითხვას თუკი ასეთი იქნება",-აღნიშნულია განცხადებაში.