გიორგი ჩართოლანი:  გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებას იურიდიული საფუძველი არ აქვს

გიორგი ჩართოლანი: გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებას იურიდიული საფუძველი არ აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას იურიდიული საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა გიორგი ჩართოლანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ჩართლოანმა აღნიშნა, დასკვნა, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერ საფუძველს მოკლებული, მიღებულია მას შემდეგ, რაც მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორაძეს შეხვდნენ და მასთან კონსულტაციები გაიარეს.

ჩართოლანის განცხაებით, კონსულტაციების შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა კანონში არსებული მოთხოვნები. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე თანამდებობიდან ხსნის, ამ გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს საბჭოს წევრთა ორმა მესამედმა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კანონით სამეურვეო საბჭოს ჰყავს 15 წევრი, პროპორციულად ორ მესამედში იგულისხმება 10 წევრი. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, როგორც ჩართოლანმა განაცხადა, გიორგი ბარათაშვილის მოხსნას მხარი თხუთმეტიდან მხოლოდ შვიდმა წევრმა დაუჭირა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, ეს ფაქტი თანდართული იქნება სასამართლოს მიმართვასთან და კიდევ უფრო გამყარდება იურიდიული საფუძველი, რომ გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის გადაყენების შესახებ გაუქმდეს.