ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით უპრეცედენტო პროგრამული სისტემა შეიქმნა

ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით უპრეცედენტო პროგრამული სისტემა შეიქმნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით უპრეცედენტო პროგრამული სისტემა შეიქმნა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ დაასრულა მუშაობა პროექტზე "საქართველოს სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით". პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის (ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ჩეხეთი) თანადაფინანსებით. მას ახორციელებდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი.

"პროექტის ფარგლებში, უპრეცენდენტო პროგრამული სისტემა შეიქმნა, რომელიც სარეადმისიო განცხადებების განხილვის ელექტრონულ საქმის წარმოებას უზრუნველყოფს. ელექტრონული პროგრამა საქართველოს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა.

პროექტი საკმაოდ ამბიციურია. მსგავსი ელექტრონული პროგრამა აქამდე არ არსებობდა და იგი ერთგვარ ნოუჰაუს წარმოადგენს. აღნიშნული სისტემის მომხმარებლები არა მხოლოდ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები, არამედ, ევროკავშირის ქვეყნების მიგრაციის საკითხებზე მომუშავე უწყებებიც იქნებიან",-ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ელექტრონული პროგრამული სისტემა რეადმისიის საკითხებზე საქართველოსა და ევროპულ მხარეებს შორის უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს; გაზრდის საქმისწარმოების პროცესის მონიტორინგის და მართვის შესაძლებლობებს; ხელს შეუწყობს პროცესის ოპერატიულობას და ინსტიტუციონალიზაციას. პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო ქართულმა კომპანიამ შპს "დელტა კომ".

აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია უკვე გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის მე-4 სხდომაზე 26-27 თებერვალს, რომელიც რეადმისიის საკითხებს ეძღვნებოდა.

კომიტეტზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს, პროგრამა ნოვატორულ იდეად შეაფასეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ნოუჰაუს შანსი აქვს ევროკავშირისთვის მომავალში სხვა ქვეყნებთან მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების ზოგადი პლატფორმა გახდეს. პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ ინტერესი გამოთქვეს ევროპაში მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებმა და ორგანიზაციებმა.

როგორც ცნობილია, 2011 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა "საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმება. სხვა წინაპირობებთან ერთად აღნიშნული შეთანხმების ეფექტურად იმპლემენტაციაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ევროკავშირთან საქართველოს სავიზო დიალოგის დროულად და წარმატებით დასრულება, რაც საბოლოოდ გულისხმობს შესაბამის ეტაპზე საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. სარეადმისიო პროცესების მართვის ელექტრონული პროგრამა კი ხელს შეუწყობს რეადმისიის პროცესში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ეფექტურ შესრულებას.