პრეზიდენტმა დღესაც ვერ მოახერხა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ საჯაროდ დაასახელებდა იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც საქართველოში. "პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება დღესაც ვერ მოახერხა. ის შემპირდა, რომ დაასახელებდა საჯაროდ რამდენიმე ქვეყანას, სადაც პრეზიდენტს იგივე უფლებები აქვს, როგორც საქართველოში. ვერ გაიხსენა ვერც ერთი. მარტის ბოლოს კენჭისყრაზე ალბათ გავა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მარტის ბოლოს მაინც გავა. "ვფიქრობთ, უმცირესობაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია ქვეყნისთვის სასარგებლოდ აზროვნება და ვიმედოვნებ, კანონპროექტი მაინც გავა. თუ ვერ გავა, არაფერი მოხდება, გარდა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დიდი ნაწილი შეირცხვენს თავს საზოგადოების წინაშე", - აღნიშნა ივანიშვილმა.