საქართველოში ინვესტიციების მხრივ სერიოზული ჩავარდნაა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში არაბთა გაერთიანებულ საემიროში ვიზიტის დროს, ის ინვესტიციების საკითხს განიხილავდა.
"ვიზიტებში მარტო კი არ უნდა დავდიოდე, ჩემთან ერთად უნდა მოდიოდეს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრი. აქ იმაზე კი არ არის ჩვენ მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, საქართველოს თემებზე მივდივართ, ამიტომ ყველანი ერთად უნდა დავსხდეთ და ყველამ ერთად ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. რა მნიშვნელობა აქვს დღეს ვინ არის პრეზიდენტი. დღეს შეიძლება ის სააკაშვილია ხვალ შეიძლება ქიბროწაშვილი იყოს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, ვიღაც კი არ უნდა იძახდეს, რომ პრეზიდენტი სადღაც წავიდა და იქ არასწორად გააკეთა, არამედ მთავრობის წევრებიც მასთან ერთად უნდა დადიოდნენ.
"წამომყევით თქვენც, როდის აგიკრძალეთ, ერთად დავჯდეთ მაგიდასთან და ერთად ვილაპარაკოთ იქნებ ერთად გავაკეთოთ საქართველოსთვის სასიკეთო საქმე, ძალა ერთობაშია", - აღნიშნავს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრა იყო ემოციებით სავსე. "ასეთ შეხვედრებს ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს საკითხი არის ჩვენი საკითხი", - აცხადებს პრეზიდენტი.