საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსასვლად მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში მისი გამოსვლა პოლიტიკურ დიალოგს ემსახურება.
"დეპუტატების დიდი ნაწილი ცუდი თვალით მიყურებს, მაგრამ არ არის პრობლემა. როცა ვიღაც არ მოგწონს, უნდა მოიყვანო, გააკრიტიკო, თუ გინდა, შენი აზრით, გააბითურო, ამხილო და შემდეგ პოლიტიკური ქულები დაიწერო. ამიტომ მათ ვაძლევდი შესაძლებლობას, ქუჩებში კი არ გადაგვეტანა ეს საუბარი, როგორც მოხდა 8 თებერვალს, არამედ პარლამენტის შიგნით გვესაუბრა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, იგი მზად არის დეპუტატებისგან ყველა შემოტევას გაუძლოს და მათ ცივილიზებული პასუხები გასცეს. "ჩვენ რაღაც კუკუდამალობას ვეთამაშებით ერთმანეთს, არა – მოვალ, არა - არ მოვალ, არა - მოხვიდე, არა - არ მოხვიდე. ეს ყველაფერი, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს, ხდება ლაპარაკის დონეზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.