აქაც თავისი მანქანით მოვიდა?! სასაცილოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს იგი სააკაშვილისთვის რჩევების მიცემას არ აპირებდა, თუმცა, თავი ვერ შეიკავა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი თხოვნა იყო, რომ სააკაშვილი რეალობაში დაბრუნდეს და მან ქართულ საზოგადოებას ანგარიში გაუწიოს, მათ ესაუბროს მათ ენაზე.
"აქაც თავისი მანქანით მოვიდა?! თვითონ იყო საჭესთან? ამ გაბუტულობანას რომ თამაშობს, ესეც სასაცილოა, ესეც ყალბია. არავის დაუსჯია, დასჯილად რომ გვაჩვენებს თავს, თითქოს გული უნდა აგვიჩუყდეს. ასეთი ხელოვნური თამაშიც კი მიუღებელია, სასაცილოა და მხოლოდ მას ვნებს პირადად", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მას არ აქვს სურვილი, რომ სააკაშვილმა რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს საკუთარ პიროვნებას საზოგადოების წინაშე. "მოვუწოდე, რომ ჭეშმარიტად და რეალურად შეაფასოს ქართული საზოგადოების მენტალიტეტი, ჩვენ კარგად ვხვდებით რა რა არის და რას რა ჰქვია. ასეთი თამაში სასაცილოა და ისევ აგრესიას იწვევს. ეს არ არის საჭირო", - დასძინა მან.