პატიმართა წამებაში ბრალდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გაგა მკურნალიძე ბრალს აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში გამართული 17 პირის წინასასამართლო სხდომის შემდეგ, მკურნალიძის ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გაგა მკურნალიძე დანაშაულს აღიარებს და ეს დაადასტურა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზეც, თუმცა, მიუთითებს, რომ რეჟიმის მსხვერპლია. "გაგა მკურნალიძე დანაშაულს აღიარებს. სასამართლოს წინაშე მან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ დაადასტურა. იგი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას და ყველა დაზარალებულს ბოდიშს უხდის. ამბობს, რომ არის რეჟიმის მსხვერპლი", - განაცხადა ადვოკატმა.
წინასასამართლო სხდომა 17 ბრალდებულის საქმეზე, რომლებსაც ბრალად პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებათ, 6 მარტს გაგრძელდება. ადვოკატების განცხადებით, პროცესის გადადების შუამდგომლობა პროკურატურამ მოითხოვა.
დღევანდელი წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბრალდებულების, ვლადიმერ ბედუკაძის, ბორის ფარულავასა და ლევან ფხალაძის ადვოკატის, ელზა ჯმუხაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიხურა.
"მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ პროცესზე განიხილება გაუპატიურების ფაქტები, თუმცა, ეს მიზეზი არ არის. პროცესის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და პროცესის დახურვის მიზანია საზოგადოება მოექცეს ინფორმაციულ ვაკუუმში. თუკი ბაჩო ახალაიას პროცესი გახსნილია, ვფიქრობ, რომ ეს პროცესიც უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი", - განაცხადა ელზა ჯმუხაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მომდევნო წინასასამართლო სხდომაზე იგი აპირებს დააყენოს შუამდგომლობა "ბასტის" და "ბუბუს" სახელით ცნობილ ფარულავასა და ფხალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.
"ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესი. ეს ადამიანები არიან ადეიშვილის პირადი პატიმრები იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ციხეში არსებული წამების ფაქტების გახმაურებაში დაეხმარნენ ვლადიმერ ბედუკაძეს და სწორედ ამის გამო ისჯებიან. რეალურად კი, არც ერთი მათგანი არ არის დამნაშავე იმაში, რასაც აბრალებენ. ორივე მათგანი იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. არსებობს ექიმის დასკვნა, რომ ისინი არიან დეპრესიაში და შიმშილობენ. შესაბამისად, არიან დაუძლურებული და ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალ პროცესზე დავაყენოთ შუამდგომლობა მათი აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ", - აღნიშნა ელზა ჯმუხაძემ.