საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას "შეხვედრას შეხვედრისთვის" უწოდებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისთვის შეხვედრის მიზანი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი დარჩნენ საზოგადოების ღირსეულ წევრებად.
"ჩემი სურვილია, რომ მათ მოახერხონ და დარჩნენ ღირსეული წევრები საზოგადოების. მხოლოდ ეს იყო მიზანი ჩემი შეხვედრის. თუ მომავალში საჭირო იქნება საუბარი, კიდევ მექნება, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს, როგორც დღეს. საუბარი მექნება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი წევრი დარჩეს ღირსეულ წევრად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ზოგიერთ მათგანს კანონი აქვს დარღვეული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სამი საკითხი დააყენა – მედიის გათავისუფლება ზეწოლისგან, სასამართლოს გათავისუფლება ზეწოლისგან და მესამე, უნდა შეწყდეს მასობრივი ძალადობა ხალხზე.
"მე რამდენჯერმე შევახსენე, რომ შეხვედრა იყო მისი თხოვნით და კარგად უნდა ჩამოეყალიბებინა, რაც სურდა. მე შევახსენე საინტერესო საკითხები, შევახსენე ჩემი ბოლო წერილი, რაზეც პასუხი ვერ გასცა ამ დროის განმავლობაში. ამაზე მითხრა, ძალიან საინტერესო რამ, რომ ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. მერე დავუკონკრეტე, რომ როგორ ჩვეულებრივად, მთავრობას შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ან მოხსნას? მან მიპასუხა, რომ რამდენიმე მაგალითს მოიყვანდა, თუმცა ეს ვერ შეძლოა და შემპირდა, რომ საჯარო განცხადებას გააკეთებდა. მან თქვა, რომ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს მოიყვანდა თუმცა ვერც ერთი გაიხსენა, სადაც პრეზიდენტს ასეთი უფლებები ჰქონდეს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მან შეახსენა სააკაშვილს, რომ უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და არ უნდა აკეთონ განცხადებები მხოლოდ ამერიკისთვის.
"მე ვუთხარი მას და ახლაც შემიძლია, შევახსენო სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, მთავრობას წარმოადგენენ, პრეზიდენტია საქართველოსი და ვთხოვე მათ, რომ თავი დაანებონ მხოლოდ ევროპასთან და ამერიკასთან საუბარს და მხოლოდ მათთვის საუბარს. მე ვთხოვე და მოვუწოდე, რომ მათ ისაუბრონ ისე, რომ გასაგები და მისაღები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნუ რჩებიან ვირტუალურ სამყაროში. მან მიპასუხა, რომ ეს ჩემი აზრია და მას განსხვავებულად მიაჩნია. საუბარი იყო - ჩემი შენ გითხარი, რასაც მოვუწოდებდი სააკაშვილს, იგივეს მომიწოდებდა მეც, რომ რეალობაში მოვიდე და რეალობაში დავრჩე",-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.