საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთმანეთზე ჭორების და ინტრიგების აგორება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს გაახარებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა პრემიერთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას აზებაიჯანში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
"ალბათ, ტელევიზორები გაქვთ და ალბათ, ნახეთ, ოფიციალური განცხადებები, რომელიც ჩვენი კოლეგების მხრიდან გაკეთდა. ნახეთ როგორი რიტორიკა იყო და მე პირადად არ მახსოვს, ასეთი მაგარი დახვედრა, როგორიც ბოლო ვიზიტების დროს გვქონდა სხვადსხვა ქვეყნებში. ეს არის განპირობებული არა ჩემი პიროვნული ფაქტორით, არამედ საქართველოს მიმართ კეთილმეზობლური განწყობით და იმის შენარჩუნების სურვილით, რაც საქართველოში იყო და ახლა ჩვენ შეგვიძლია ინტრიგები ვხლართოთ ერთმანეთში და სხვადასხვა ინტერპრეტაციები შევქმნათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ტელევიზორი ვისაც ჰქონდა და ყურები და თვალები ვისაც ნამდვილად აქვს, დაინახავდა, როგორი რიტორიკა იყო და როგორ შეგვხვდნენ. მეტი რა ვქნათ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ინტერესებით და ახლა ერთმანეთზე ჭორების და ინტრიგების აგორება რომ დავიწყოთ მოგვცემს ეს რამეს?! - არ მოგვცემს; გაახარებს ვის? – მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს გაახარებს და მე ამ თამაშებს არ ვთამაშობ", - განაცხადა სააკაშვილმა.