საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებები საჯარო განხილვის თემად არ აქციონ.
ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"კიდევ ერთი საკითხი იყო, განვიხილეთ ჩემი ამასწინანდელი ვიზიტები, აქაც სხვადასხვა ხედვები გვაქვს. იმიტომ, რომ მათ მიაჩნიათ, რომ პრობლემები შეიქმნა. მე კიდევ მიმაჩნია და თქვენ ტელევიზორშიც ყველამ ნახეთ როგორ ვიცავთ ჩვენ საქართველოს პოზიციებს. ერთია ჭორები ვინ რას ლაპარაკობს, მაგრამ ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განვითარება გაგრძელდეს და ჩვენ ხავერდოვანი გადასვლა მოვახდიოთ ერთი სამთავრობო გუნდიდან მეორეზე, რომ ის ჩავარდნები რაც გარდაუვალია, არ მოხდეს. ჩვენ შეგვექმნა საერთაშორისო საკითხებში ბევრი პრობლემატური თემები და მე მზად ვარ, ამ პრობლემების გადაწყვეტაშიც მივეხმარო მთავრობას, კი არ უნდა დავცხოთ ერთმანეთს. მე რა თქმა უნდა, არ გამოვალ და არ ვიტყვი, რომ ნახეთ, როგორ გააფუჭეთ ყველაფერი, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შიდა პოლიტიკური დებატების თემა, შეიძლება იყოს პრობლემები ან არ იყოს, მაგრამ თქვენ ნახეთ როგორ ხვდებიან საერთაშორისო ორგანიზაციებში და როგორი საჯარო განცხადებები გაკეთდა უმაღლესი ხელმძღვანელების მიერ, ეს არ არის ჩემდამი პატივიცემა, ეს არის საქართველოსადმი პატივისცემა. ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც მზად ვარ, ამ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წუთამდე გამოვიყენო იმისთვის, რომ საქართველო ვერავინ, პირველ რიგში, ჩვენმა მტერმა ვერ დახიოს უკან. ამიტომ მოვუწოდებ პრემიერს, ამ თემებზე ჩვენი განსხვავებები საერთოდ არ უნდა განვიხილოთ საჯაროდ თუ ჩვენ ერთმანეთს დავცხებთ საგარეო პოლიტიკურ თემებზე, ამით მხოლოდ ერთი ვიღაც იხეირებს და ეს არ არის ჩვენს ინტერესებში", - განაცხადა სააკაშვილმა.