საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "მისი და მისი გუნდის სურვლია, რომ პროკურატურას რაც შეიძლება, ნაკლები სამუშაო ჰქონდეს".
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"1 ოქტომბერს უკვე ყველაფერი გამოვიდა. ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი სიტყვა თქვა და ამას ვერავის შეაბრუნებს. არავითარი ალბათობა და იმის შანსი არ არსებობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დაბრუნდეს. მასაც ეს გავუმეორე. იმ ამბობს, რომ ამის სურვილი არ აქვს, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ ეს ქცევებში გამოეხატა. ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩაცხრეს ეს ემოციური ფონი, რასაც ესენი მხოლოდ თავისი ქმედებით აძლიერებენ. ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება ცოტა იყოს კანონისა და სამართლის ენაზე საუბარი. ამისთვის საჭიროა ქცევების შეცვლა. მათ შეუძლიათ თუ სურვილი აქვთ, რომ საკუთარი სახე შეინარჩუნონ, ისინი საზოგადოებას ვეღარ ავნებენ გარდა, ამ ემოციური ფონის აწევისა, მათ რესურსი არ აქვთ, ქუჩის პატარა აქციებისა და შეხლა-შემოხლის გამოწვევისაც კი. ჩვენი სურვილია, რომ პროკურატურას რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო ჰქონდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოახერხონ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რომ საზოგადოების ღირსეული წევრნი გახდნენ. ეს არის ჩემი და ჩემი გუნდი გულწრფელი პოზიცია, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მათ შეუძლიათ, რომ საკუთარი მდგომარეობა მხოლოდ გაიუმჯობესონ, ან გაიუარესონ. მოსახდენი 1 ოქტომბერს უკვე მოხდა, შემდეგ ოქტომბერს იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ნაკლებპრინციპულია, საქართველოს მოსახლეობა საკუთარ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა ივანიშვილმა.