საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება, რომ მას საქართველოში არეულობა და დაძაბულობა უნდოდეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა პრემიერთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.
"სიტყვა ამნისტია საერთოდ მიუღებელია და გაუგებარია ჩემთვის, რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ სიტყვაზე 25 000 ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მე კი ამას სხვანაირად ვუყურებ – 25 000 ადამიანმა ააშენა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ბოლო რვა წლის განმავლობაში, ავად თუ კარგად, თქვენ ნახეთ, როგორი შეფასება აქვთ საერთაშორისო არენაზე, ამას შეიძლება ვიღაცამ პიარი უწოდოს, ვიღაცამ - ბლეფი. შეიძლება, ვთქვათ, რომ დღეს რომ ბათუმში თეატრს ვხსნი, ვიღაცამ ამასაც ბლეფი უწოდოს, შეიძლება ვთქვათ, რომ მოგვეჩვენა ახალი ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, ჩვენი პოლიცია როგორ მუშაობს, ჩვენი ჯარი როგორია, შეიძლება ამ ყველაფერზე ვთქვათ, რომ ბლეფი და სააკაშვილის პიარი იყო, მაგრამ ამით ეს არ იცვლება და ყველაფერი არსებობს. ამიტომ რადგან ეს არსებობს, მე ის მიყვარს საკუთარი შვილივით, მე არ შეიძლება, მინდოდეს საქართველოში არეულობა, არ შეიძლება საქართველოში დაძაბულობა მინდოდეს. მე მინდა, რომ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, გაგრძელდეს, ამიტომ შეუძლებელია, არ მინდოდეს, რომ ამ მთავრობამ გააგრძელოს ეს და რაღაც კონკრეტულ შედეგს ხალხისთვის, მიაღწიოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური დევნა ემსახურება ერთ მიზანს, რომ ადამიანებს აუკრძალონ, ალტერნატიულ ორგანიზაციაში ყოფნა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორეობ, საუბარი არაა, მაღალი თანამდებობის წევრებზე, ამიტომ ეს თუ შეწყდება, მთავრობისთვისაც კარგი იქნება. საერთო კლიმატისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ჩარჩო შევინარჩუნოთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.